19 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ფიქრობენ, რომ შანსი არ აქვთ ამ არჩევნებში და ცდილობენ ესკალაციას - "ოცნება" ოპოზიციას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს 

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალიტეტის შენობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ბესიკ ჭეჟია აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ხელოვნურად ახდენენ სიტუაციის ესკალაციას, რადგან იციან რომ მათ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. ხალხს მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოავლინოს ნება ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ მაგრამ  შეიძლება ვიღაცეები ფიქრობენ, რომ შანსი არ აქვთ ამ არჩევნებში და ცდილობენ ესკალაციას რაღაც პროცესებისა რომელიც არ წაადგება ქალაქს. ეს ქვეყანა ეკუთვნის ყველას, ოპოზიციას და პოზიციას და ყველა ვალდებულია დაიცვას ის თამაშის წევრები რაც არის მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,“-განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

უკვე საათზე მეტია საკრებულოს შენობაში ხმაურია. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ. ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, სადაც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ. ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია, სკანდალური ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, სადაც ის არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად, მოსახლეობის ტერორზე საუბრობს.

თავდაპირველად მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით კი საკრებულოში ოპოზიციის ლიდერებმა შესვლა შეძლეს. 

დღის ამბები