19 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ქობულიასთან შეხვედრას უმრავლესობის დეპუტატებიც ესწრებოდნენ - ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში გიორგი ქობულიასთან შეხვედრას და მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. გოგიჩაიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ნათქვამი, რომ მათთვის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოხსენება უინტერესო იყო, არასწორია.

დეპუტატის განმარტებით, განცხადებას, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ქობულია მოიწვიეს, ხელს საპარლამენტო უმრავლესობის ორი წევრი აწერდა ხელს. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრას ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან მმართველი გუნდის სამი წარმომადგენელი ესწრებოდა.

„მე ძალიან გამიკვირდა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომ ეს არ არის უმრავლესობის წევრების მოწვეული. ორი ადამიანი აწერდა ხელს უმრავლესობიდან, შესაბამისად, ინფორმაციის არქონა, ასეთი განცხადება, რომ თითქოს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ასე არ არის, შუაში არიან იმიტომ, რომ უმრავლესობის ორი წევრი აწერდა ხელს.“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ქობულია თანამდებობიდან წასვლისა და ხმაურიანი განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია ესწრებოდა. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებოდნენ მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.

ქობულია პირველი მინისტრია, რომელიც გადადგომის შესახებ ღიად ალაპარაკდა. მან სკანდალური ინტერვიუ "შაბათის კურიერს" მისცა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ინტერვიუში ისაუბრა, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები