19 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
კომისიიდან გატანილი სიები - ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებს, არჩევნების გაყალბებაზე უარი თქვას

ოპოზიციის პირველი გამარჯვება ზუგდიდში - საოლქო საარჩევნო კომისიიდან გატანილი სიების უკან დაბრუნების შემდეგ, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დილიდან ხმაურიან აქციაზე შეიკრიბნენ. გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ღიად აფრთხილებს, რომ უარი თქვას გაყალბების მცდელობებზე.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები ამტკიცებენ, რომ სიების წინასწარ გატანა არასასურველი ამომრჩევლების დაშინების მიზნით მოხდა, რაც ხელისუფლების ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია.

აქციაზე შეკრებილები საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ. სანდრა რულოვსის შტაბმა ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ არჩევნებს გაყალბებას არ დაუშვებს და ხმებს დაიცავს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სიების და ბეჭდების გატანა არჩვენებამდე 5 დღით ადრე ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული გაყალბების გეგმის ნაწილი იყო. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სიები რამდენიმე დღით ადრე სუს-ის თანამშრომლებისთვის უბნებზე ამომრჩევლების წინასწარ დასაშინებლად სჭირდებოდათ.

ვითარება ზუგდიდში ღამით რამდენჯერმე დაიძაბა, როდესაც ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიები, ბეჭდები და ლუქები გაჰქონდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერები ადგილზე მივიდნენ და საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან  განმარტებები მოითხოვეს, მირანდა მესხმა კომისიის წევრებს სიები უკან დააბრუნებინა.

სიების გატანასთან დაკავშირებით რეაგირებას ოპოზიცია თამარ ჟვანიას სთხოვდა. ცესკო-ში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სიების და ბეჭდების არჩევნებამდე 5 დღით ადრე გაცემა კანონდარღვევა არ არის, თუმცა ადგილზე ბეჭდების შეცვლის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

ცესკო-სა და ხელისუფლების განმარტებების მიუხედავად, ოპოზიცია ამბობს, რომ 5 დღით ადრე კომისიიდან სიებისა და ბეჭდების გატანის არანაირი აუცილებლობა არ იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები