ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კომისიის სხდომაზე იმყოფებიან და კომისიის თავმჯდომარეს სთხოვენ მისივე გადადგომის საკითხი დააყენოს.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, მირანდა მესხმა ნდობა დაკარგა, მას შემდეგ რაც მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სამაგიდო სიები და ბეჭდები საოლქო კომისიიდან გასცა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კომისიაში ამ დროისთვის 150-ზე მეტი საჩივარია შეტანილი, თუმცა არცერთი მათგანი არ განხილულა.
„ვნახეთ, რომ ქალბატონი საოლქო კომისიის თავმჯდომარე მესხი არღვევს კანონს. 150 საჩივარია და ერთი საჩივარი არ განხილულა. ვნახეთ ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომ სამაგიდო სიები დაარიგეს, ბეჭდები დაარიგეს, რითაც სანდოობა დაირღვა საარჩევნო პროცესის, ამიტომ ჩვენმა კომისიის წევრმა დააყენა საკითხი, თავმჯდომარის გადადგომის შესახებ, ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობას კომისიის თავმჯდომარე არ გვაძლევს.
დღეს ქალბატონი თამარ ჟვანია უნდა იყოს აქ, იმიტომ რომ ყველაზე ცხელი წერტილი სადაც ყველაზე აღვირახსნილი დარღვევები ხდება კანონმდებლობის ხდება აქ, ქალბატონი თამარი ტელევიზიით კი არ უნდა გვიყურებდეს აქ უნდა ამყარებდეს წესრიგს,“-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.