მმართველი გუნდი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. სოფო კილაძის შეფასებით ადგილი აქვს ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს. ის ოპონენტებს მოუწოდებს ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ რომ ტემპერატურა არის მარალი პოლიტიკური და მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ოპოზიციაც ასევე იმიტომ რომ ვხედავთ, რომ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ოპოზიციაც უნდა შეეცადოს რომ ეს არჩევნები იყოს დემოკრატიულად წარმართული და არ ჰქონდეს ადგილი პროვოკაციებს, არ ჰქონდეს ადგილი ერთმანეთთან დაპირისპირებას იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ეს უკვე ქვეყნის იმიჯზე აისახება შემდეგ. ამიტომ ყველა მხარე ვალდებულია დაიცვას კანონი. თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს ამას ექნება შესაბამისი რეაგირება,“-განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში ვითარება განსაკუთრებით ბოლო კვირაში დაიძაბა. ადგილი ჰქონდა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატზე თავდასხმას, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიების და სარეგისტრაციო ბეჭდების გატანას. ხმაური და დაპირისპირება საოლქო კომისიაში დღესაც გაგრძელდა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები საოლქო კომისიამ არ მიიღო. ოპოზიციის თქმით, მათ აქვთ დამადასტურებელი მასალა იმის, რომ საარჩევნო სიები და სარეგისტრაციო ბეჭდები კონკრეტული პირების სახლებში ინახება.