25 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
"მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია" - კობახიძე ზუგდიდის მოვლენებზე საუბრობს და ოპოზიციას ადანაშაულებს

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე და დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოზე პასუხების გასაცემად ცესკო-ს თავმჯდომარეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იბარებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ თამარ ჟვანიას საკანონმდებლო ორგანოში მისვლის პრობლემა არ ექნება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„ანგარიშვალდებული ორგანოების დაბარება ეს არის ფრაქციების პრეროგატივა, მათ აქვთ ამის უფლება და შესაბამისად გამოცხადდებიან თანამდებობის პირები და დარწმუნებული ვარ არც ცესკოს თავმჯდომარეს ექნება პრობლემა ამასთან დაკავშირებით, ისინი გამოცხადდებიან პლენარულ სხდომაზე და გასცემენ ყველა კითხვას პასუხს,“-აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება ზუგდიდში მიმდინარე დაძაბულ მოვლენებს, კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდად მიმდინარეობდა, მისი თქმით, ალბათ ვითარება იმის გამო დაიძაბა, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ კვლევის შედეგები მიიღო, სადაც ხელისუფლების კანდიდატი იმარჯვებს.

„როგორც ჩანს, მიუვიდათ გარკვეული კვლევის შედეგები ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს და მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია,“-ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, რას ამბობს მათი შიდა კვლევები, შეძლებს თუ არა მათი კანდიდატი პირველსავე ტურში გამარჯვებას, კობახიძე ამ კითხვას არ პასუხობს.

„მე ვისაუბრე იმ კვლევაზე, რომელიც სავარაუდოდ მიიღეს ნაცმოძრაობის წევრებმა და სავარაუდოდ ამას უკავშირდება მათი გაღიზიანება, ჩვენი ამოცანაა პირველ ტურში გამარჯვება და ყველაფერი გაკეთდება პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად“-განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები