გარდაბნის კულტურის ცენტრში, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. განაშენიანების გეგმას "იგლ ჰილს საქართველო" სივრცითი და ქალაქთ მშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ამუშავებს. საჯარო განხილვის ფარგლებში წარმოადგინეს ტერიტორიის განვითარების ხედვა, დაგეგმილი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეები.
საჯარო განხილვის მიზანი დაინტერესებული პირებისთვის დოკუმენტაციის გაცნობა, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენაა. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციის მოცულობა 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარია.
ეს საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან ყველაზე მასშტაბური კაპიტალ დაბანდებაა, რომელიც თბილისსა და გონიოში საცხოვრებელი ბინების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, იახტ კლუბის, კომერციული ფართებისა და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობას უნდა მოხმარდეს.
"მაინჰარდის" პროექტის დირექტორი, კრისტოფერ აბრაამსონი აღნიშნავს, რომ დასახლება ისე უნდა დაიგეგმოს, რომ არსებულ ბუნებრივ გარემოს ორგანულად შეერწყას და მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს მასზე:
"ჩვენ ვართ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 70 წლის წინ დაარსდა ავსტრალიაში, ამჟამად სათაო ოფისი გვაქვს სინგაპურში. კომპანია ოპერირებს 65 სხვადასხვა ოფისის მეშვეობით 5 კონტინენტზე. ჩვენი ხედვა რეალურად აერთიანებს ახალ საჯარო, მდინარის პირა გამწვანებულ სივრცეს და პარკს, ასევე საცხოვრებელ უბანს.
მოუწესრიგებელი ტერიტორია აღდგება, საცხოვრებელი სახლებისა და საბავშვო მოედნების დაგეგმარება განსაკუთრებული იქნება. გეგმა ითვალისწინებს სკოლას, საბავშვო ბაღს, ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისსაც, ასევე ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის საჯარო საზოგადოებრივ დარბაზს. აღნიშნული ტერიტორია, რომელიც მდებარეობს მდინარის პირას, ანუ მტკვრის ორივე ნაპირზე 634 ჰექტარს მოიცავს და უდიდესი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტშია ,დანარჩენი თბილისში.
ტბასა და მტკვარს შორის არსებული სარეკრეაციო სივრცის ზოლი გვაქვს, ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროექტი, განსაკუთრებით მხიბლავს ეს გამოწვევა ანუ რეკრეაციული სივრცის გარშემო ისეთი დასახლების შექმნა, რომელიც გამწვანებულ სივრცესთან იქნება ინტეგრირებული, ეს ანიჭებს ამ ადგილს განსაკუთრებულობას. რაც უფრო გამწვანებული იქნება სივრცეები, მით უფრო ბედნიერები იქნებიან სტუმრებიც და ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, ამ მხრივ ეს უნიკალური პროექტია და შესაძლოა მომავალში სხვა ქალაქებისთვისაც სამაგალითო აღმოჩნდეს.
დასახლება ისე გვინდა დავგეგმოთ, რომ ის არსებულ ბუნებრივ გარემოს ორგანულად შეერწყას და მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს მასზე. გამწვანებული ტერიტორიების დიდ ნაწილს ხელუხლებელს დავტოვებთ. ხელს შევუწყობთ მდინარის დაცვას", - აცხადებს კრისტოფერ აბრაამსონი.