26 ნოემბერი 2026,   12:30
ვრცლად
ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი, ღია ინვესტიციისთვის და ყოველთვის იმოქმედებს ხალხისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად - რატი იონათამიშვილი "იგლ ჰილსის" მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციის მოცულობა 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარია. ეს საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან ყველაზე მასშტაბური კაპიტალ დაბანდებაა, რომელიც თბილისსა და გონიოში საცხოვრებელი ბინების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, იახტკლუბის, კომერციული ფართებისა და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობას უნდა მოხმარდეს.

შედეგად ქვეყანა ევროპული ტიპის ორ თანამედროვე ქართულ დასახლებას მიიღებს, სახელმწიფოს კი სხვა მსხვილი ინვესტორების მოზიდვის საშუალებას მისცემს. მასშტაბური პროექტის მშენებლობის პროცესში 24 000, მისი დასრულების შემდეგ კი დამატებით 8 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. 6 ნახევარ მილიარდიანი ინვესტიციის, 33 პროცენტიანი წილის მფლობელი, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე საქართველოა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 700 მილიონი ლარით შეივსება, ეკონომიკა კი 11 მილიარდი ლარით გამდიდრდება.

ამ ბენეფიტების ფონზე, სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე თვის წინ, მეგა პროექტის დისკრედიტაციის მიზნით დაწყებული კამპანია და ე.წ. არაბიზაციაზე საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტატისტიკური მონაცემებიც არსებობს, რომ 500 მშენებარე ბინიდან, არაბებმა მხოლოდ 8 ბინა იყიდეს. საქართველოში ეთნიკური მოსახლეობის მაჩვენებლების თანახმად კი, 7 არაბული ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა მხოლოდ 0,3 %-ია. მდიდარი არაბული ქვეყნებიდან კი საქართველოში რეზიდენტებიც კი არ არიან.

პროექტის შესახებ საუბრობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო ღიაა ინვესტორებისთვის და ის ყოველთვის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.

"ერთ მხარეს არის 6.6 მილიარდის ინვესტიცია და მეორე მხარეს არის სასოწარკვეთილი დეზინფორმაცია. საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტრო მზად არის ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს, შესაბამისად, საზოგადოებაში კითხვები არ არსებობს.

კითხვები არსებობს დაინტერესებულ ჯგუფებში, რომლებიც სინამდვილეში არა ამ კონკრეტულ პროექტს, არამედ ზოგადად კეთილდღეობას, ინვესტიციებს და ქვეყნის განვითარებას უპირისპირდებიან.

ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი, ღია ინვესტიციისთვის და ყოველთვის იმოქმედებს ხალხისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები