სახალხო დამცველი ზუგდიდში არსებულ დაძაბულ ვითარებას ეხმაურება. ნინო ლომჯარია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას არ დაუშვან დაპირისპირება, რადგან მისი თქმით, დაპირისპირების რისკი არსებობს.
ლომჯარია ასევე გამოეხმაურა, ორი დღის წინ ზუგდიდში დადიანების ბაღში მომხდარ თავდასხმას სანდრა რულოვსის შტაბის წევრებსა და მედიის წარმომადგენლებზე. ლომჯარია მოუწოდებს შს სამინისტროს, გამოძიებამ გადააკვალიფიციროს მუხლი და გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლითაც წარიმართოს.
„ჩემთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების და საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტი. ველოდები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მიმართულებით დაიწყებს გამოძიებას და არამხოლოდ ცემის მიმართულებით, როგორც ვიცი ამ მუხლით არის დაწყებული გამოძიება.
"იმედი მაქვს, ეს გარემოება არ იქნება მხედველობის მიღმა დარჩენილი. ჩემი წუხილის საგანია ის, რომ არსებობს ძალიან მაღალი რისკი დაპირისპირების. მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს თავიდან იქნას არიდებული დაძაბულობა,“-აცხადებს ლომჯარია.
საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე კი ამბობს,რომ ზუგდიდში ვითარება განსაკუთრებულად დაძაბულია.
მისი თქმით, სამართალდამცველმა უწყებებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა სხვადასხვა ინციდენტებზე დაწყებული გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და შედეგიც დროული იყოს.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ აქ რიგ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც ჰქონდეს ადგილი და ასეთ სიტუაციაში უკვე აუცილებელია, რომ გამოძიება წარიმართოს დროულად და დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
კონკრეტული ფაქტები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის ნიშნებს. თუკი ეს გამოძიება არ იქნება მიყვანილი ბოლომდე ამან შეიძლება წაახალისოს, გარკვეული პროცესები, რომელიც უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე,"-აცხადებს სულხან სალაძე.