ბრძოლა გრძელდება და პირობას ვაძლევთ წარმავალ ხელისუფლებას, რომ ამ სიბინძურეში იმდენად ძვირის გადახდა მოუწევთ, რომ "რასიისკი კრედიტის" ფული არ ეყოფათ! - ამ სიტყვებით ასრულებს თავის გზავნილს ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია.
გამსახურდია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ის ამბობს, რომ სუს-ი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ფიგურანტებს სანდრა რულოვსის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში რთავს. მისივე განცხადებით, გია მხეიძე, რომლიც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრია, ზვიად გამსახურდიას დევნის და მკვლელობის საქმის უშუალო მონაწილეა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზვიად გამსახურდია არავის პოლიტიკური კუთვნილება არ არის.
„ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას ან პარტიას, ისევე როგორც არ ეკუთვნის რომელიმე ჯგუფს ან თუნდაც საკუთარ ოჯახს. მის სახელს არ ეგების პოლიტიკურ ბრძოლაში ინსტრუმენტად ან პოლიტიკური თუ მატერიალური კაპიტალის მოსახვეჭად გამოყენება ამ ქვეყანაში. მას ამისგან მისი საქმეები და საქართველოს ისტორია იცავს, და მე, ამ სიტყვების ავტორი, სანამ შემეძლება და როგორც შემეძლება, ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებ,“-წერს გამსახურდია.
მისივე თქმით, ამ თემაზე საუბარს არ აპირებდა, რომ არა ზუგდიდში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები.
„ჯერ ჯიხაშკარში, უშიშროების სტაჟიანი აგენტის, ვინმე ვახო ზარანდიას ხელით ოპოზიციური კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სცადეს რაღაც კომიკური, სამარცხვინო კამპანიის აგორება. მინდა იცოდეთ, ხსენებული ვახო ზარანდია ფიგურირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში, ფაქტობრივად, როგორც უშიშროების ინფორმატორი, რომელიც თვალის ასახვევად დაკავებული ჰყავდათ და მალევე გაათავისუფლეს გარკვეული ქმედების სანაცვლოდ 1993 წელს. იგივე ვახო ზარანდია სწორედ იგივე სიტუაციაში ფიგურირებს უკვე 1998 წელს, და მას მსგავსი მანერით იყენებენ გოჩა ესებუას წინააღმდეგ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ, ისევ აკავებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციის დროს.
შემდგომ უკვე ზუგდიდში, გუშინ, ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ "ზვიადისტებთან" ერთად ერთვება სუს-ის კიდევ ერთი მოქმედი პირი, ვინმე გია მხეიძე, რომელიც ასევე მონაწილეობს ზვიად გამსახურდიას დევნისა და მკვლელობის საქმეში, როგორც იმჟამინდელი უშიშროების თანამშრომელი და რომლის მიმართ პროკურატურას წესით მრავალი კითხვა და ბრალდება უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ეს გია მხეიძე ჯერ კიდევ 2016 წელს ქართული ოცნების აქტივისტია ზუგდიდში და დაკავებულიც იყო ოპოზიციის დარბევისათვის, თუმც მოკლე ხანში გაათავისუფლეს,“-წერს გამსახურდია.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სანდრა რულოვსის წინააღმდეგ იხსენებენ მის 20 წლის წინანდელ პასაჟს ზვიად გამსახურდიას შესახებ. ცოტნე გამსახურდია წერს, რომ რულოვსი მას რამდენჯერმე დაუკავშირდა და ბოდიში მოუხადა.
განცხადებაში გამსახურდია ზუგდიდს მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის შესაძლო გამარჯვებას ზუგდიდელების უპერსპექტივობის გარანტიად მიიჩნევს.
„ზუგდიდში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება იქნება მხოლოდ ბიძინეს კიდევ ერთი მონის გამდიდრების შანსი და ნულოვანი პერსპექტივა ზუგდიდელებისთვის. ამას ხიბულაში კუპიურების ფრიალით და სუს-ის აგენტების ხავილით ჩვენი დროის სოლომონ ისაკიჩი ვერ შეცვლის,“- აცხადებს გამსახურდია.
წერილში ცოტნე გამსახურდია ასევე ეხება ზვიად გამსახურდია მკვლელობის საქმის გამოძიებას და ამბობს, რომ პროკურატურა და ხელისუფლება კვლავ აგრძელებს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრების მოტყუებას და საქმის ჩაფარცხვას.
„ბრძოლა გრძელდება, ბრძოლას ვაგრძელებთ, და პირობას ვაძლევთ წარმავალ ხელისუფლებას, რომ ამ სიბინძურეში ძალიან ძვირის გადახდა მოუწევთ. იმდენად ძვირის, რომ "რასიისკი კრედიტის" ფული არ ეყოფათ!“-წერს ცოტნე გამსახურდია.