19 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
სანდრა რულოვსი არის ძალიან ღირსეული კანდიდატი, მან უნდა გაიმარჯვოს - გიორგი ვაშაძე

„სანდრა რულოვსი არის მართლაც ძალიან ღირსეული კანდიდატი. მან უნდა გაიმარჯვოს,“ - ეს განცხადება, გიორგი ვაშაძემ განმუხურში ზუგდიდის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა.

გიორგი ვაშაძემ ამომრჩევლებს კვირას, 19 მაისს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. ვაშაძის განცხადებით, სანდრა რულოვსი რეგიონის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„მან უნდა გაიმარჯვოს, ის არის ღირსეული თავისი ყოველი წუთის ქმედებით, რასაც ის აკეთებს საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ არჩევანი გვაქვს ორ კანდიდატს შორის - ერთი მხრივ, არის სანდრა და მეორე მხრივ, არის ბატონი შენგელია. ერთი მხრივ არის ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. მეორე მხრივ, არის ადამიანი, რომელიც იქნება დავალებების შემსრულებელი ზუგდიდის რაიონში. ერთი მხრივ, არის ადამიანი სანდრას სახით, რომელიც ზუგდიდს მოუტანს სრულიად განსხვავებულ პერსპექტივას. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს მისი უშუალო ხელმძღვანელობით ამ ქალაქში,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიზანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ წინსვლა იგრძნოს.

„ჩვენი მთავარი გამარჯვება იქნება არა მხოლოდ არჩევნებზე კვირას, არამედ იქნება მაშინ, როცა ყველანი ერთად გავიმარჯვებთ გაჭირვებაზე, რომელიც ასე აწუხებს თითოეულ ქართულ ოჯახს. ჩვენი გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავალთ მშვიდობიანად სოხუმში და აღარ გვექნება საოკუპაციო ხაზი აქედან რამდენიმე კილომეტრში. ჩვენი გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ერს და ბერს, სრულიად საქართველოს გავაერთიანებთ. ჩვენ ერთიანობა გვჭირდება, ამიტომაა ძალა ერთობაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები