19 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია - ენმ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში იბარებს და მწვავე კითხვებს აანონსებს

„ნაციონალური მოძრაობა“ კანონით მინიჭებულ უფლებას იყენებს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტში იბარებს. ინტერპელაციის წესით, თამარ ჟვანია პარლამენტში სხდომაზე მომავალ კვირას უნდა გამოცხადდეს. სხდომაზე ჟვანიას მოუწევს ოპოზიციისთვის ახსნა, რატომ მიმდინარეობს ქვეყანაში შუალედური არჩევნები დიდი დარღვევებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნიდან რამდენიმე საათში, სოციალურ ქსელში თამარ ჟვანიამ განცხადება გაავრცელა და პარლამენტში მისვლაზე თანხმობა განაცხადა. ცესკო-ს თავმჯდომარესთან ერთად, მომავალ კვირას ინტერპელაციის წესით პარლამენტში მამუკა ბახტაძეც უნდა გამოცხადდეს. თუმცა მისი გამოსვლის თემა უკვე განსაზღვრულია და პრემიერმა საბანკო რეგულაციებზე უნდა ილაპარაკოს.

ოპოზიცია ითხოვს, რომ მამუკა ბახტაძემ გამონაკლისი დაუშვას და წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის გათვალისწინებით, განმარტებები „ქართული ოცნების“ ქმედებებზეც გააკეთოს.

მმართველი პარტია თამარ ჟვანიას პარლამენტში დაბარების აზრს ვერ ხედავს. „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ცესკოს თავმჯდომარე კანონს არ არღვევს.

არასამთავრობოებმა დღეს „ქართულ ოცნებას“ მიმართეს და მოუწოდეს, ნუ ცდილობს მძიმე წინასაარჩევნო გარემოზე პასუხისმგებლობა მოიხსნას. დაშინების, მოსყიდვის და ძალადობის არაერთ ფაქტზე კითხვების მესამე სექტორს სწორედ "ქართულ ოცნებასთან" აქვს. ზუგდიდში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიების შედეგებს დროულად გასაჯაროებას ითხოვს სახალხო დამცველი.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები