გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებელთა უპრეცედენტო მობილიზაციას ახდენს. სადამკვირვებლო პროცესში ჩართული იქნება მხოლოდ ზუგდიდში 5 ათასამდე ადამიანი, მათ შორის პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ოპოზიციაში სიცრუეს უწოდებენ პოლიტიკური ოპონენტების გაცხადებას, რომ ხალხის მობილიზება დესტაბილიზაციის მოსაწყობად ხდება.
განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
„ვნახეთ, რა მეთოდებით მოქმედებს ქართული ოცნება, შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს და დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ. ხელისუფლების კონტროლქვეშ. ჩამოდის 2 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათაც ეხება გაყალბება, გაყალბების მცდელობები და მათი სამოქალაქო უფლებებიც ირღვევა და მათი კონსტიტუციური უფლებები იზღუდება. ჩამოგვყავს ათასამდე მოხალისე. ყველა იმოქმედებს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქვთ მიღებული უმკაცრესი ინსტრუქცია ყველა პარტიის ხელმძღვანელებისგან, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.