19 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
Fake ნიუსები - პრემიერის განცხადებით, Ipsos კვლევა საზოგადოებაში დისონანსის შეტანას ემსახურება

პოლიტიკური რეიტინგები და გავლენიანი კომპანიის კვლევა - ამჯერად მმართველი გუნდი უნდობლობას "იპოსი"-ს უცხადებს. პრემიერ-მინისტრს არ სჯერა მონაცემის, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" ხმას 25%, 18% კი "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა. 

პრემიერი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „იპსოს“-ის კვლევა გარკვეული ძალების მხრიდან საზოგადოებაში დისონანსის შეტანას ემსახურება.

„2012 წლიდან დაწყებული მე ბევრი მსგავსი ე.წ. კვლევის შესახებ მსმენია და საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო ნათელი. საზოგადოება გააკეთებს არჩევანს და კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდებით. მსგავსი ტიპის დეზინფორმაციით და Fake ნიუსებით აქვთ მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოიტანონ რაღაც დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გარდა პარტიების რეიტინგისა, „იპსოს“-ის კვლევა შეეხო ასევე პოლიტიკოსთა გავლენებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას. გამოკითხულთა 23% კი ამბობს, რომ ყველაზე დიდი გავლენით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სარგებლობს.

გავლენიანმა კომპანია “იპსოსი”-მ, რომელმაც საზოგადოების განწყობა შეისწავლა, კვლევით ინდუსტრიაში გლობალური მასშტაბით მესამე ადგილზეა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კვლევითი ორგანიზაციაა, 16 ათასი თანამშრომლით, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა 88 ქვეყანაში, თუმცა გამოკითხვებს 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს. არსებობის 44-წლიანი ისტორიის მანძილზე “იპსოსი” ატარებს კვლევებს საზოგადოებრივი აზრის, მედიის, მარკეტინგის და სხვა მიმართულებებით.

დღის ამბები