19 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
"ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი" - გიორგი ვაშაძე "ოცნების" საარჩევნო შტაბის განცხადებას აფასებს

„ვნახეთ „ქართული ოცნების“ შტაბის განცხადება ზუგდიდის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მოკლედ შეგვიძლია, შევაფასოთ - ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი,“ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ზუგდიდის შტაბში გამართულ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ის „ქართული ოცნების“ შტაბში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნეს, რომ კვლევების მიხედვით მათი მერობის კანდიდატი იმარჯვებს.

ვაშაძემ მათ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი იგებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, სუს-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ მოსახლეობის დაშინებას ცდილობს. თუმცა ოპოზიციის ლიდერმა ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

„ტყუილია, რომ რაიმე კვლევა არსებობს, სადაც მათი კანდიდატი რამეში იგებს საერთოდ ზუგდიდის არჩევნებში. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 53%-ით აცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას, ჩვენ კი ვნახეთ, რომ მან მხოლოდ 38% აიღო დიდი გაყალბების და მოსყიდვების მიუხედავად. სიმართლე კი ის არის, რომ სანდრა რულოვსი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. ალბათ, როგორც ჩანს, ამ აგონიაში მყოფი ხელისუფლება ტყუილების მეტი არაფერი აღარ დარჩენია. ტყუილია ასევე, რომ ჩვენი მხარდამჭერები სადმე აგრესიულად იქცევიან. არცერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა საარჩევნო პერიოდში. სიმართლე არის ის, რომ „ქართული ოცნების“ დაქირავებული ადამიანები აგრესიულად იქცევიან, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს უვარდებიან, ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან. ტყუილია ის, რომ ხალხი სპეციალურად გვყავს ჩამოყვანილი დაძაბულობისთვის. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ გვყავს ჩამოყვანილი კვალიფიციური მაღალ დონზე დატრენინგებული ადამიანები, რომ მათ არ მივცეთ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები