„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მარნეულის მერობის კანდიდატთან აჰმედ იმამკულიევთან ერთად სოფელ სადახლოს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფელში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს. ერთ-ერთ პრობლემად ასევე, სასმელი და სარწყავი წყლის უქონლობა დასახელდა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთელ საქართველოში მოსახლეობა გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით მათ საკეთილდღეოდ იმუშავებს.
„მარნეულში ვირჩევთ მერს და ადგილობრივი ხელისუფლება არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელსაც ეხება ხალხის პრობლემების უმეტესობა, უგზოობა, უწყლობა, ინფრასტრუქტურული პრობლემები, საბავშვო ბაღების არარსებობა. მთელ საქართველოში ჩვენი მოსახლეობა გამოიყენებს არჩევნებს და გამოიყენებს არჩევნებს, არა იმისთვის, რომ დაშინების, ძალადობის, ან მოსყიდვის გზით გაუგრძელოს კაბინეტში ყოფნა არაფრისმაქნის ხელისუფლებას, არამედ გამოიყენებს არჩევნებს იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება გახადოს უკეთესი,“- განაცხადა ბაქრაძემ.