„ქართულმა ოცნებამ“ სამეგრელოში არჩევნების წინ დამატებითი ძალები გადაისროლა. „კურიერმა“ აფხაზეთის მთავრობის ახლადდანიშნული თავმჯდომარე სოფელ რიყეში დააფიქსირა სადაც, რუსლან აბაშიძე კარდაკარ დადის და მოსახლეობას „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას აიძულებს.
კადრებში ჩანს, რომ მასთან ერთად იმყოფება შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი, რომელიც, აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია.
თუმცა, თავად რუსლან აბაშიძე ამბობს, რომ აგიტაციას არ ეწევა და მხოლოდ დევნილთა პრობლემებს ეცნობოდა.
„აგიტაციაში ვერ დაგეთანხმებით, რას ეძახით, მაგრამ მე დღეს ვიყავი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ობიექტზე, კომფაქტურ დასახლებაში, რიყეზე და მქონდა შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთის მთავრობის ახლადდანიშნული თავმჯდომარე მის ზუგდიდში ყოფნასა და მოახლოებულ არჩევნებთან კავშირს უარყოფს.
„ეს არჩევნებთან არ არის კავშირში არანაირად. ბევრი რაღაცები ემთხვევა, დღეს არის 17 მაისი და ოჯახის სიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებული დღე და ამას დავაკავშირეთ ჩვენი ღონისძიება. იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვართ ოჯახი და ვერც ერთი ძალა ვერ დააშორიშორებს. ჩვენ დავარღვიეთ ფორმატი და აწი გადავწყვიტავთ განსხვავებულ ფორმატში აფხაზეთობის განხორციელებას,“ - აცხადებს რუსლან აბაშიძემ.