19 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
"ქართული ოცნება" და პირადად ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს კარგავს - "იპსოსის" კვლევა

ყველა მიმართულებით გაყალბების მცდელობის, მუქარის და დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვის ფონზე, "ქართული ოცნება" და პირადად ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს კარგავს.

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით კომპანია „იპსოს“-მა კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 25% ასახელებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას,“ მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია 18%-ით. შემდეგია „ევროპული საქართველო“ - 7%. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ერთნაირი შედეგებით ინაწილებენ პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტული პარტია - 3% აქვს ორივეს. 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. 17% არცერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს. ხოლო 9% უარს აცხადებს პასუხზე.

კვლევაში ასევე, იყო კითხვა თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ აქვს მოსახლეობას ყველაზე პოზიტიური განწყობა?

პირველ ადგილზე ამ ჩამონათვალში “ევროპული საქართველოა” - 46%. შემდეგია “გაერთიანებული ოპოზიცია” - 40%.

მესამე ადგილზე კი მმართველი პარტიაა - 38%. მას მოსდევს “ლეიბორისტული პარტია” 32%-ით, “პატრიოტთა ალიანსი” - 25%, “თავისუფალი საქართველო” - 16% და ბოლოს “რესპუბლიკელები” - 12%.

გამოკითხულთა უმეტესობა საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მზრუნველ პარტიად “გაერთიანებულ ოპოზიციას” ასახელებს.

Ipsos საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე დასახელებული სამი პარტიიდან, რომელია ყველაზე ძლიერი იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იზრუნოს, მოსახლეობის 21%  თვლის, რომ “გაერთიანებულ ოპოზიციას” ამის გაკეთება შეუძლია. გამოკითხულთა 17% თვლის, რომ საზოგადოების პრობლემებს უკეთესად მიხედავს “ევროპული საქართველო.” სამჯერ უფრო ნაკლებს, მხოლოდ 6%-ს სჯერა, რომ ამ საკითხების მოგვარება “ქართულ ოცნებას” შეუძლია.

პოლიტიკური პარტიების რეიტინგის გარდა, Ipsos-მა პოლიტიკური პირების რეიტინგიც დათვალა. კითხვაზე რომელი პოლიტიკოსების მიმართ არის მოსახლეობაში ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულება, რესპოდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად ახასიათებს თბილისის მერს, კახი კალაძეს - 28%. მას მცირედი სხვაობით მოსდევს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი - 26% და შემდეგია შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია - 25%.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დადებითად ახასიათებს 22%. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 18%-ისთვისაა პოზიტიური პოლიტიკური ფიგურა, 14%-ისთვის კი პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

იგივე თანმიმდევრობით ლაგდება პოლიტიკოსების ხუთეული, ყველაზე გავლენიანი პერსონების ჩამონათვალშიც.

ხოლო კითხვაზე, როგორ აფასებს ხალხი ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს ცხოვრებაში, გამოკითხულთა უმრავლესობა ძალიან ნეგატიურად აფასებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან დადებითად მხოლოდ 8% აფასებს, ხოლო ძალიან უარყოფითად 33%.

გამოკითხულთა უმრავლესობა, მესამედი მილიარდერის როლს ძალიან ნეგატიურად აფასებს.

კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა: ძალიან დადებითად - 8%, უბრალოდ, დადებითად - 25%, უარყოფითად - 20% ძალიან უარყოფითად - 33%.

თუ პოზიტიურ და ნეგატიურ პასუხებს დავაჯამებთ, მივიღებთ, რომ მთლიანობაში ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში 32%-ის მიერ ფასდება დადებითად, მაგრამ კიდევ უფრო მეტის, 52%-ის მიერ - უარყოფითად.

მიხეილ სააკაშვილის როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოკითხულთა 14% ძალიან დადებითად აფასებს,  29% - უბრალოდ, დადებითად. 23% - უარყოფითად, ხოლო 20% - ძალიან უარყოფითად.

დადებითი და უარყოფითი პასუხების დაჯამებით დავინახავთ, რომ სააკაშვილს თანაბარი რაოდენობით აქვს ორივე შეფასება - ზუსტად 43% და ამ შედეგით პირველად მოხდა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიტიურმა აღქმამ გადააჭარბა ბიძინა ივანიშვილის დადებით შეფასებას, თანაც მთელი 11%-ით.

რაც შეეხება ქვეყნის განვითარებას, გამოკითხული მოსახლეობის 69%-ის აზრით, საქართველო არასწორ გზას ადგას. ამ პოზიციას გამოკითხულთა 69% იზიარებს. მხოლოდ 20% ფიქრობს, რომ ქვეყანას სწორი გეზი აქვს აღებული.

“იპსოსის” მიერ კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1-დან 15 მაისის ჩათვლით 1540 ადამიანი გამოიკითხა. კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია და კითხვების დეტალური ფორმულირება განთავსებულია რუსთავი 2-ის ვებ-გვერდზე - ფაილის მოძიება შეგიძლიათ სპეციალური ბანერის და ბმულის საშუალებით.

დღის ამბები