19 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
პრევენცია გაყალბების წინააღმდეგ - ზუგდიდში არჩევნებს დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა დააკვირდება

„ქართული ოცნების“ ოპონენტები მობილიზაციას აცხადებენ. 19 მაისს ზუგდიდში საარჩევნო პროცესს დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა გაუწევს მონიტორინგს. არჩევნების დღეს გაყალბების თავიდან ასაცილებლად ზუგდიდში 5000-მდე დამკვირვებელი იმუშავებს.

პრევენცია გაყალბების „ქართული ოცნების“ მეთოდების წინააღმდეგ - ამ ლოზუნგით ოპოზიციური პარტიების 1400 წარმომადგენელი, კომისიის 2016 წევრი, არასამთავრობო სექტორის 2000-მდე წარმომადგენელი და 1000-მდე მოხალისე ზუგდიდში ადგილობრივი მოქალაქეების არჩევანის დაცვას გეგმავს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდისგან მოსალოდნელი გაყალბების მეთოდები შესწავლილი აქვთ და ამ პროცესთან დაპირისპირების რესურსიც გააჩნიათ.

წელს პირველად მაყურებელი არჩევებს პირდაპირ ეთერში უყურებს. ზუგდიდი და ხულოს საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ორ-ორი კამერიდან, სიგნალი ჯერ ინფორმაციის დამუშავების ცენტრში მოხვდება, შემდეგ კი ინტერნეტით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. დარღვევებზე რეაგირება უმოკლეს დროში მოხდება და ყველა მონაცემი სპეციალურ რუკაზე განთავსდება, სადაც დარღვევების ნახვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

არჩევნებამდე 5 დღით ადრე ზუგდიდის საოლქო კომისიიდან ბეჭდების და სიების უბნებზე დარიგებამ ოპოზიციისთვის ცხადი გახადა, რომ დამკვირვებლები ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ. მათ შორის არც ძალადობას გამორიცხავენ.

19 მაისს ზუგდიდში მერის შუალედურ არჩევნებს ოპოზიციის მხრიდან 6 პოლიტიკური სუბიექტის და 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები