ვირტუალურმა ბოდიშმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვერ გადაარჩინა. სკანდალში გახვეული თამაზ ფაცაციას ოპონენტი ქალების მიმართ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სექსისტური და დამამცირებელი შეფასებების გამო, სამოქალაქო სექტორი დაუპირისპირდა.
აქტივისტების აზრით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა გადადგეს, პარტიამ კი ის უნდა გარიცხოს. ფაცაციამ Facebook-ში დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე სექსისტური და დამამცირებელი პოსტი გუშინ გამოაქვეყნა.
ივანიშვილის პარტიის დეპუტატის განცხადებას საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, პროტესტის შემდეგ ზუგდიდი საკრებულოს დეპუტატი იძულებული იყო ბოდიში მოეხადა.
ჩინოვნიკის თავდასხმის ხშირი ობიექტები არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრი გაერთიანებული ოპოზიციიდან ანი წითლიძე და მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსი.
ირკვევა, რომ თამაზ ფაცაცია სექსისტური და დამამცირებელი პოსტების გარდა, ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის Facebook გვერდი ონლაინ გამოცემა on.ge-მ შეისწავლა. ფაცაციას გვერდზე ათობით დისკრიმინაციული გამოთქმა გვხვდება.
თუ „ქართული ოცნება“ თამაზ ფაცაციას განცხადებებზე პასუხს არ აგებინებს, სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ ქალთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია წახალისდება.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს შესაძლოა, საკუთარ გამონათქვამებზე პასუხისგება სასამართლოშიც მოუწიოს. შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო საჩივარს ანი წითლიძე ამზადებს.