პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ჯანმრთელი ადამიანების ყოფნა გადასატანი ყუთის სიაში და ცემა სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე დასწრების გამო - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ძალადობრივი ფაქტებისა, რომლებიც სამეგრელოში მხოლოდ დღეს დაფიქსირდა. ხელისუფლების ოპონენტები გამოძიებას ძალოვანი უწყებებისგან მოითხოვენ. გაყალბების მასშტაბები სამეგრელოში იმდენად დიდია, რომ ოპოზიციას საჩივარი პროკურატურაში შეაქვს.
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ობიექტის ადმინისტრაციამ პასპორტები და პირადობის მოწმობები გამოართვა. ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულებს უთხრეს, რომ პასპორტები დაზღვევისთვის სჭირდებათ და მას მხოლოდ ორშაბათს დაუბრუნებენ.
ოპოზიცია არჩევნებს გაყალბების კიდევ ერთ მექანიზმზე მიუთითებს. მათი მტკიცებით, გაყალბებული დოკუმენტებით გადასატანი ყუთის სიაში ისეთი ამომრჩევლები მოხვდნენ, ვისაც არ გადაადგილება უჭირს და არც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესაბამისი ვიდეომტკიცებულებაც გაასაჯაროვა.
ვიდეომასალით ოპოზიციის წარმომადგენელები საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მივიდნენ, თუმცა მირანდა მესხმა მათ არც დღეს მისცა ვიდეომტკიცებულებების ჩვენების საშუალება. ოპოზიციის კითხვებისგან დღეს მირანდა მესხს დაცვის პოლიციის გაძლიერებული დანაყოფი იცავდა. ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნის მიუხედავად, ყველა ადამიანი, რომელიც გაყალბებული დოკუმენტებით გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიაში მოხვდა, კომისიის თავმჯდომარემ ისევ ჩამონათვალში დატოვა.
ოპოზიციის თქმით, საარჩევნო სიების გაყალბების საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადი პროკურატურაში შეიტანა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და საარჩევნო შტაბის წევრები ღია შეტევაზე გადავიდნენ. ისინი მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი „ქართული ოცნების“ კოორდინატორის ზეწოლის შემდეგ საკუთარ ცოლს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდა, რომ მისი მეუღლე გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდამჭერ შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ავტორი: ემა გოგოხია