19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
თუ ამ არჩევნებს ის რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია - სააკაშვილის მიმართვა 

თუ ამ არჩევნებს ის რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში, შუალედურ არჩევნებზე და ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების მცდელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი არ შეეგუება არჩევნების შედეგების მოპარვას. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თქმით, თუ ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააყალბებს არჩევნებს, ის პირადად ჩაუდგება საყოველთაო მობილიზაციის პროცესს სათავეში.

„ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არ გაქვს აბსოლუტური კონტროლი, ეს არ არის შენი დუქანი საქართველო, ეს არ არის შენი პირადი საკუთრება, რომ იქ სხვა ვერავინ გაჭაჭანდება, ბაყბაყდევს, რომ აქვს თავის გარემოში, რომ ადამიანი არ უნდა გაჭაჭანდეს, ანდა ჩვენ ყველანი უნდა დავმობილიზირდეთ. ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი, მე ამას არ გავატარებ. მე მიხეილ სააკაშვილი, ამას არ გავატარებ. თუ ეს ამ არჩევნებს ის რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით. მაშინ ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში გაუქმებულია. ჩავერთვები ორგანიზაციაში, მას შემდეგ, რაც თქვენ ამ არჩევნებს მოიპარავთ და რა თქმა უნდა მე დავაჩქარებ და მოვამზადებ ჩემს სწრაფ ჩართვას ადგილზე საქართველოში ამ პროცესებში.

ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი და მე წავალ ბოლომდე. საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო. ყოველ თვიურად 100 ათასი ადამიანი გადის საქართველოდან. მე ამას ვხედავ ყოველ დღიურად. საქართველო იყო მსოფლიოში ყველაზე სამაგალითო ქვეყანა. როგორ გააბანძეთ და როგორ გააუბედურეთ. ანაკლიის ჭაობებში ცხვირი უნდა დაარტყმევინო ივანიშვილს, მართლა თავი უნდა ჩააყოფინო, მშენებლობების მაგივრად რომ ჭაობია და ბაყაყები, რომ ყიყინებენ. რა უბედურებაა ეს. და თქვენ გინდათ ხალხის დაშინებით, იქ ვიღაცას არეკინებთ რუსეთიდან, იქ ვიღაცას სამსახურიდან გაგაგდებთ... ეზიზღებით ხალხს. აქამდე კიდევ ოპოზიცია აკავებდა ამ ხალხის რისხვას, ახლა ნამდვილად აღარ შევაკავებთ, მე პირადად, სანდრასთან, სხვა მეგობრებთან ერთად ჩავუდგები ამას სათავეში,“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები