19 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
საზოგადოებამ ვერ ნახა "ოცნების" მიერ მოტანილი ვერც სამართალი და ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა - შალვა შავგულიძე

„ქართულმა საზოგადოებამ ვერ ნახა "ქართული ოცნების" მიერ ჩვენს ქვეყანაში მოტანილი ვერც სამართალი და ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა,“ - ეს განცხადება, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან ”ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”, შალვა შავგულიძემ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრები და მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდის ოლქში მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავენ. შალვა შავგულიძე და ბლოკის წარმომადგენლები ამომრჩეველს ალექსანდრეს ბაღში ხვდებიან.

შავგულიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის მეთაურობით სასამართლო ხელისუფლება დაიმორჩილა.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ დაიმორჩილა და საკუთარ პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებარა ქართულმა ოცნებამ და მათმა ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სამართალწარმოების მთელი სისტემა - გამოძიება, სახელმწიფო ბრალდება, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს და სასამართლოს მთელი ვერტიკალი. როდესაც მართლმსაჯულებას საკუთარ სამსახურში აყენებს ხელისუფლება, ამას კანონზომიერებად მოსდევს უსამართლობა ქვეყანაში,“ - ამბობს შავგულიძე.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მმართველ პარტიას ქვეყნისთვის სარგებელი არც საქართველოს შიგნით და არც საგარეო დონეზე არ გაუკეთებია.

„შვიდი წელია ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ და იმავდროულად, ის აკონტროლებს ყველა სახელისუფლებო შტოს სრულად და ჩვენ ვსვამთ შეკითხვას, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის სასარგებლო და მისი ხალხისთვის სასარგებლო ქართულმა ოცნებამ და შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ არაფერი,“ - განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძის განცხადებით, მთაწმინდელებმა მმართველ პარტიას უარი ხვალინდელ არჩევნებზე უნდა უთხრას და ცვლილებებს დაუდოს საფუძველი.

დღის ამბები