19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
თქვენ გაინტერესებთ, რომ შექმნათ „რუსთავი 2"-სთვის საყვარელი ამბავი, პარალელური საქართველოსთვის - თალაკვაძე საარჩევნო უბანთან სროლაზე 

„თქვენ ჩემი კომენტარი არ გაინტერესებთ, თქვენ გაინტერესებთ, რომ აქედან შექმნათ „რუსთავი 2"-სთვის საყვარელი ამბავი, პარალელური საქართველოსთვის,“ - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „კურიერის“ ჟურნალისტს, რომელიც არჩილ თალაკვაძეს ზუგდიდის 87-ე უბანთან მომხდარი სროლის  შესახებ კითხვას უსვამდა.

არჩილ თალაკვაძემ  მომხდარი ინციდენტი არ შეაფასა და "რუსთავი 2"  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურასთან გადაამისამართა.  

„მე მოგიწოდებთ, რაც გაქვთ მტკიცებულებები, ან მოპოვებული შესაძლო ინფორმაცია, მიაწოდოთ „რუსთავი 2-მა“ პროკურატურას ან შსს-ს. ასევე, ამ საკითხზე იხელმძღვანელოთ ბატონი ჩიქოვანის კომენტარით, ვინაიდან სულ ერთი წუთის წინ დასრულდა ბრიფინგი და მან ამ შეკითხვას უპასუხა. იცით თუ არა ამ ქვეყანაში მომხდარ შესაძლო დანაშაულზე ვინ აკეთებს საერთოდ კომენტარებს? იცით? მითხარით ჯერ, თუ იცით, ვინ აკეთებს კომენტარებს მომხდარ შესაძლო დანაშაულზე საერთოდ ოფიციალურ კომენტარს? მათ შორის - მე არ მიკითხავს, მე გითხარით, ვინ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ საკითხზე შესწავლა მიმდინარეობს. ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში სროლის ხმა ისმოდა. გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, ზოია ქვარცხავა მანქანიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. მისი ყურადღება შეიარაღებულმა მამაკაცმა მიიქცია, რომელიც უბნის შესასვლელთან მოძრაობდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები