ზუგდიდში მძიმე ვითარებაა - საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. ოპოზიციის დამკვირვებელს ჯერ იარაღი დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში დასაშინებლად ისროლეს. სროლამდე ზუგდიდის 87-ე უბანთან ახალგაზრდა დააფიქსირეს, რომელიც შავი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
მანქანის ნომრით პირის ვინაობა დადგინდა. ოპოზიციის ინფორმაციით, ავტომობილი ზუგდიდში მცხოვრებ ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის. „კურიერმა“ გაარკვია, რომ ის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის, ლელა ლაშხიას შვილია. ლაშხია „კურიერის“ კამერასთან არ გამოჩნდა.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც სროლის ფაქტს შეესწრო, ზუგდიდის პოლიციაში ჩვენებას აძლევდა. ზოია ქვარცხავამ ახალგაზრდებისთვის და ასევე ავტომობილისთვის ფოტოს გადაღება მოასწრო, რომელშიც გასროლის შემდეგ სავარაუდო დამნაშავეები ჩასხდნენ და მიიმალნენ.
მან გადაღებული ფოტომასალა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს წარუდგინა. ქვარცხავას ჩვენების საფუძველზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზეა დაწყებული. ზოია ქვარცხავა ამბობს, რომ ამოიცნობს იმ პირებს, ვინც საარჩევნო უბნის წინ იარაღიდან ისროლა.
გაერთიანებული ოპოზიცია სამართალდამცველებისგან ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვს.
„გამოძიებისთვის ძალიან მარტივი უნდა იყოს ამ ჩვენების შემდეგ ამ პირების იდენტიფიცირება განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენც უკვე იდენტიფიცირება მოვახდინეთ ერთ-ერთი მათგანის. იმედი გვაქვს, რომ ამას უპასუხებს გამოძიება, დაუყოვნებლივ ამ ადამიანების დაკავებით, ისევე, როგორც იმ პირის იდენტიფიცირებით, თუ ვინ გასცა ეს უკანონო ბრძანება,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ადასტურებს, რომ ირაკლი ჩანგელია მისი თანამშრომლის შვილია. მესხის თქმით, საარჩევნო უნის გარეთ მომხდარ ფაქტზე ის პასუხს ვერ აგებს.
„საარჩევნო უბანს გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მე პასუხს არ ვაგებ. გაირკვევა ყველაფერი და დადგება სამართლებრივი რეაგირება. ჩემი კომპეტენციის ფარგლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებს აღემატება. სიების გადმოტანა არ ხდებოდა. კანონის დარღვევით არ მომხდარა ამ სიების დაბრუნება. ქალბატონი ლელა ლაშხიას მიერ იყო რამდენიმე უბნიდან უბნის ერთიანი სია მოწოდებული უბნის თავმჯდომარეებისგან, შემოტანილი იყო აქ ქალბატონი ლელას მიერ,“ - განაცხადა მირანდა მესხმა.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის საარჩევნო უბანთან სროლაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
„ნებისმიერი ძალადობის ინციდენტზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მათ შორის რიყეში მომხდარ ძალადობაზე, დადიანების სასახლეში მომხდარ თავდასხმაზე და ახლა ამ ძალადობაზეც, სროლაზეც, როდესაც ჯერჯერობით გაურკვეველმა, არაიდენტიფიცირებულმა პირებმა, როგორც პოლიცია ამბობს, მიუშვირეს იარაღი ხანდაზმულ ადამიანს, რომელიც არის ჩვენი წარმომადგენელი. არ ვიცი, რატომ შეიძლება დამკვირვებელს ოპოზიციური პარტიიდან დაუმიზნო იარაღი და შემდეგ ჰაერში გაისროლო. სასწრაფოდ დასაკავებლები არიან ეს ადამიანები,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.