არჩევნები საქართველოში - „სამართლიან არჩევნებში“ 14:00 საათის მდგომარეობით გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ.
მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა ზუგდიდსა და მარნეულში ფიქსირდება. რაც შეეხება, დარღვევის ფორმებს, ბენიძე, აკონკრეტებს, რომ ძირითადად ამომრჩევლის მოსყიდვა და ფიზიკური დაპირისპირება იკვეთება.
„რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები. ზუგდიდის და მარნეულის რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვას. ამ ეტაპზე დარღვევების სიმრავლით გამოირჩევა მარნეულის ნომერ 68-ე საარჩევნო უბანი, სადაც დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის გარდა, ასევე, დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრა და სხვადასხვა პროცედურული დარღვევები. ფიზიკური დაპირისპირება და არეულობა დაფიქსირდა ზუგდიდის და მარნეულის ცალკეულ სარჩევნო უბნებზე. უმეტეს ოლქებში ტენდენციის სახით შეინიშნება ასევე, საარჩევნო უბნების მიმდებარედ პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც რიგ შემთხვევაში აღნიშნავენ უბანზე მოსულ ამომრჩეველს,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი.