გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას, რომ სანდრა რულოვსის შტაბთან სიგნალის ჩამხშობი ავტომობილები იყო გაჩერებული, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მდინარაძე ამბობს, რომ საკომუნიკაციო საშუალებების ჩახშობასთან დაკავშირებულ საკითხს შეისწავლიან და კითხვებზე პასუხს გასცემენ.
ამას გარდა, მამუკა მდინარაძემ "რუსთავი 2" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„მე არ ვიცი, არ მინდა დაგაბრალოთ, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ, თუმცა, დღეს ასეთი ძალიან ბევრი დაფიქსირდა, დეტალურად გავერკვევით ნებისმიერ საკითხში, რომელიც შეიძლება წამოჭრილი იყოს, მიუხედავად იმისა, რამდენადაც არ უნდა მოგონილი იყოს ან რამდენადაც პროვოკაციული ფონიდან გამომდინარე არ უნდა იყოს,“ - განაცხადა მდინარაძემ.
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის შტაბთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა პიკაპის ტიპის ავტომანქანები დააფიქსირეს, რომლებიც ოპოზიციის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში სატელევიზიო და სატელეფონო სიგნალს ახშობდნენ. ამ მიზეზით იყო ინტერნეტშეფერხებაც.
გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" სპეციალური მანქანები მიიყვანა, მიზანი კი ოპოზიციისთვის ხელის შეშლა იყო. ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ ეჭვი, რომ სპეციალური ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის.
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ცნობილი გახდა, სანდრა რულოვსის შტაბიდან რამდენიმე მეტრში მდგომი ტერიტორიიდან გაიყვანეს. მათ მიმდებარე ტერიტორია ჟურნალისტების გადამღები ჯგუფების გამოჩენისთანავე დიდი სისწრაფით დატოვეს.