ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს სტენოკარდიული შეტევა დაემართა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლის შემდეგ ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომისიის წევრი საავადმყოფოში გადაეყვანათ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ჯერჯერობით არ იცის ამ დროისთვის როგორია კომისიის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„ეს არის ქალაქი, სადაც წინა არჩევნებზე გახარია მოკლა, ისეთ ზეწოლას ახორციელებდა მასზე. ასე, რომ არ მიკვირს, რომ გულის შეტევები უვითარდებათ მათ შორის, ჩვენი კომისიის წევრებს... სახელმწიფო სახელმწიფოს აღარ ჰგავს, პოლიცია პოლიციას აღარ ჰგავს. სახელმწიფო არის მთლიანად ჩამოშლილი, პოლიცია არის ქცეული ზონდერებად, ჩვენი საამაყო პოლიცია. ეს ადამიანები იცავენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ყველაზე ბინძური მეთოდით,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ დღის ბოლოს ვითარება დაიძაბა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი პოლიციის ძალით დაატოვებინეს.