„ტერორისტებს რომ აკავებენ, სპეცოპერაციის სახით მეცნენ და იმის საშუალებაც კი არ მომცეს, რომ განმეხორციელებინა ზარი,“ - ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, თინა ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ის უბნიდან გამოაძევეს.
ბოკუჩავას თქმით, დაახლოებით 7 ადამიანი ცდილობდა მის გამოყვანას უბნიდან. მათ შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი. ბოკუჩავას თქმით, მას ხელი აქვს დაზიანებული და ეს დაზიანება გამოყვანის დროს მიაყენეს.
„ჩემს გამოძევებაში უშუალო მონაწილეობას იღებდა ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის უფროსი, ირაკლი ფაცაცია. ესეც სრულიად გაუგებარია, იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში, რომც იყოს ადამიანის გამოყვანა უბნიდან, ეს უნდა იყოს პატრული და კრიმპოლის უფროსი და მით უმეტეს, ეს გაუგებარი პიროვნება სამოქალაქო ფორმაში, რა თქმა უნდა, იქ არ უნდა ყოფილიყო,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა პოლიციის ძალით საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ გააძევეს. მას თან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა და ჰქონდა მართვის მოწმობა.
ოპოზიცის წევრი აპირებდა, რომ დაერეკა ცესკო-ში და განემარტა, რომ ეს კანონდარღვევა არ იყო, თუმცა მას ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
„ვითხოვდი, რომ დავრეკოთ ქალბატონ თამარ ჟვანიასთან, იმიტომ, რომ ცესკო-ს წარმომადგენელი ვარ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და გავარკვიოთ ეს საკითხი, მაგრამ გაუგონარი აგრესიით მოცვივდნენ ადამიანები,“ - განცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას თქმით, ის საარჩევნო უბნიდან, როგორც დამნაშავე ისე გამოიყვანეს.