23 უბნიდან 12 უბანში გამარჯვებულია შალვა შავგულიძე - ამის შესახებ „ევროპული საქართველო “ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთაწმინდაზე დადასტურებულად მეორე ტური გაიმართება, რადგან დათვლილია 23 უბნის მონაცემები და 12-ში შავგულიძე ლიდერობს. დავით ბაქრაძის განცხადებით, მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაიწყო.
„იმედი მაქვს, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ოპოზიციას, ოღონდ სხვა კანდიდატებს და არა ბატონ შალვას, შემოგვიერთდებიან და ერთობლივი ძალებით მეორე ტურში ვაჩვენებთ ხელისუფლებას, ასე გაგრძელება აღარ მოხდება“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შალვა შავგულიძემ მთაწმინდელებს არჩევნებზე მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
"შედეგები უჩვენებს, რომ ოპოზიციამ მიიღო მეტი ხმა, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატმა. ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურში მხარდაჭერის გაზრდის პოტენცია ოპოზიციის კანდიდატს გააჩნია. ჩვენ გვაქვს სერიოზული შანსი მეორე ტურში. მივმართავ მთაწმინდელ ამომრჩეველს, ცოტა მეტი აქტიურობა გამოვიჩინოთ მეორე ტურისთვის," - აღნიშნა შავგულიძემ.