"ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ დავიწყებ რევოლუციას და არ იწყება ეს რევოლუცია, უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება" - ეს განცხადება ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, კვირის აქცენტების პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შეიკრიბოს და ერთად გადაწყვიტონ სამოქმედო გეგმა. მისი თქმით, ემოციურ ფონზე განცხადებები არ უნდა გაკეთდეს. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წინდაუხედავ განცხადებას აკეთებს.
„არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს ხელისუფლება სუსტდება. რაღაცას თუ ვიტყვით, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება, რაღაცას თუ ვიტყვით, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუება, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხარ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ეს არ შეიძლება... ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს. მტკიცებულებები უნდა დავდოთ. 5 ათასი დამკვირვებელი ვართ და ხმებს ზუგდიდში ვერავინ გაგვიყალბებსო, ახლა რომ გამოვალთ და ვიტყვით, რომ გაყალბდაო, მტკიცებულება უნდა განახოთ. ეს დათვური სამსახურია,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, არჩევნებზე ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა მოსყიდვა, დაშინება, მიუხედავად ამისა, ზესტაფონში მეორე ტური მაინც შედგება. ნიკა მელიას თქმით, მეორე ტურში ზესტაფონში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
„ბრძოლა გრძელდება, არ უნდა გავჩერდეთ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლითაც, ზუგდიდში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს.
ქართული ოცნება ვერ ზეიმობს. 6 შემაჯამებელ ოქმი არ არის მოსული. რასაც ცდილობს ქართული ოცნება, ყველა ვხვდებით, აჭიანურებს რიგ შემაჯამებელ ოქმებს, რომ იქნებ, მაქსიმალურად გაბათილდეს საკმარისი რაოდენობის ბიულეტენები, რომ პროცენტი ქართული ოცნების კანდიდატს გაეზარდოს. ორთაბრძოლა მიდის, ხელჩართული ბრძოლა არ მიდის რამდენიმე უბანზე, დანარჩენი ყველაფერი ხდება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.