19 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ინვესტორებს სურთ პროგნოზირებადი გარემო და არა სიურპრიზები-საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი

საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორია სასამართლო, რადგან ინვესტორებს სურთ პროგნოზირებადი გარემო და არა სიურპრიზები - ეს განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა პრემიერთან შეხვდრის შემდეგ გააკეთა. კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ინვესტორებისათვის მთავარი ფაქტორი არის ნდობა კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

„ინვესტორებს სურთ პროგნოზირებადობა. მათ არ სურთ სიურპრიზები როცა ინვესტიციებს ახორციელებენ. არც საგადასახადო, არც საკანონმდებლო, არც სასამართლო სისიტემაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველო იქნება თუ სხვა რომელიმე ქვეყანა, რომ პროგნოზირებადი იყოს გარემო და ინვესტორები შემოვიდნენ ქვეყანაში. მეორე ასპექტი - ნდობა ყველა უწყების მიმართ შედარებით დაბალია მთელ მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში. პოლიტიკური პარტიების იქნება, უწყებების თუ სასამართლოსი. ნებისმიერ სისტემის მიმართ არსებობს ნდობის ნაკლებობა. აქედან გამომდინარე ორივე ფაქტორის გათვალისწინებით ბუნებრივი ორივე კომპონენტი მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ გამართული და ეფექტური დავების გადაჭრის მექანიზმი არსებობდეს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში გაგრძელდება მუშაობა,“-განაცხადა კრისტინ ლაგარდიმ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. მისივე თქმით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

„ჩვენ განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯები იმისთვის, რომ ბიზნეს ატმოსფერო იყოს ძალიან კარგი. ეს ასახულია მათ შორის საერთაშორისო რეიტინგებში. ჩვენ ვართ მეექვსე ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. მაგრამ ამავე დროს იმ ამოცანებიდან რომელიც დგას საქართველოს წინაშე ეს არ არის საკმარისი და რეფორმები უნდა გაგრძელდეს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები