ზეწოლები სკოლებში ისევ იყო - ეს განცხადება ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შესახებ გააკეთა. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ პედაგოგებზე ზეწოლა ამ არჩევნებზე ისევ ხდებოდა და ამის შესახებ მას რამდენიმე სკოლამ თავად აცნობა.
„სამწუხაროდ, შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ხერხები ამ ზეწოლის, თუმცა ზეწოლები სკოლებში ისევ იყო. მაგალითად, სხვაობა ვგულისხმობ, რომ ამ შემთხვევაში, გამგებელთან ჰქონდათ ხოლმე შეხვედრა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამას რესურს ცენტრი აკეთებდა. თუმცა რამდენიმე სკოლა პირადად მე დამიკავშირდა და ამბობდნენ, რომ მათ თხოვდნენ ფოტოს გადაღებას ბიულეტენზე, იყო ასევე რა თქმა უნდა, დაშინების და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარები. ანუ, ერთი სიტყვით, უბრალოდ მეთოდები შეიცვალა ცოტათი, თუმცა არჩევნებზე ისევ იყო ის ზეწოლა, რასაც უკვე მივეჩვიეთ,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.