„ქართული ოცნების“ მტკიცებით, საქართველოში კიდევ ერთი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა. მმართველი გუნდის ლიდერები ოპოზიციას აკრიტიკებენ და დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებას, რომ საარჩევნო უბნებთან ე.წ. ძველი ბიჭები იყვნენ მობილიზებულები, კილაძე ამ განცხადებებს არ იზიარებს. დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ ამის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულების წარდგენა ვერ შეძლო.
„ვერც ერთი მტკიცებულება სიმართლე გითხრათ, მე ვერ დავინახე ოპოზიციის მხრიდან. ეს იყო უბრალოდ განცხადებები, კიდევ ერთხელ ვამბობ, კონკრეტულ დარღვევებს ჰქონდა უკვე გუშინვე რეაგირება. თუ ახალი ფაქტები გამოვლინდება რაიმე კონკრეტული, ამასაც ექნება ჩვენი მხრიდან რეაგირება,“ - განაცხადა კილაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებებს, რომელიც საარჩევნო უბნებთან ცესკოს სამაგიდო სიებით მყოფ კოორდინატორებს ეხება, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი არ ეთანხმება.
ცქიტიშვილის თქმით, ამომრჩევლის მობილიზება დარღვევა არ არის. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა.
„ოცნების“ დეპუტატი ოპონენტების ბრალდებებს კრიტიკით პასუხობს და ამბობს, რომ ოპოზიცია სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვას ცდილობდა.
„ამომრჩევლის მობილიზებაზე მუშაობს კონკრეტული პარტიის აქტივისტები და ამაში არაფერი არ არის სენსაციური. უბრალოდ შეგვიძლია ვიძახოთ, რომ ცუდი იყო არჩევნები, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად. ერთადერთი, სადაც ხელოვნურად იყო ისიც ხშირ შემთხვევაში, დაძაბულობები მოხდა, იყო ზუგდიდი, იქაც ადამიანები მაქსიმალურად ეცადნენ, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ. ოპოზიციას არ მოსწონს ეს, რა თქმა უნდა და ეძებს გამამართლებელ არგუმენტებს იმისთვის, რომ თავისი მარცხი გაამართლოს,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი