თუკი ამომრჩეველი სარგებელზე გაიყიდა, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ რეგიონში მცხოვრები მოსახლისთვის 100 და 150 ლარი, რომელიც მათ ხმის სანაცვლოდ გადასცეს დიდი თანხაა.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნებზე ორპოლუსიანობა იქნა უზრუნველყოფილი და ვისაც მეტი რესურსი ჰქონდა იმან მოიგო.
„მთაწმინდამ თქვა, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა არ პასუხობს ჩემს გემოვნებას, არცერთის იმედი არ მაქვს და მასობრივად არ წავიდა არჩევნებზე. სოფლებისგან განსხვავებით თბილისის და მთაწმინდის ყიდვა მხოლოდ მატერიალურ დაინტერესებაზე პრაქტიკულად შეუძლებელია,“-ამბობს ხუხაშვილი.
მისივე განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ოცნება ძალაუფლებას იმ შემთხვევაში დაკარგვას, თუ პარლამენტში პატარ-პატარა პარტიები მოხვდებიან.
ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორის, ლაშა ტუღუშის თქმით კი, თუ 2020 წელს არჩევნები ამავე მეთოდით ჩატარდა ეს "ქვეყანას ააფეთქებს".
„თუ 2020 წელს ასეთი ტიპის არჩევნები ჩატარდა, მაქვს დიდი ეჭვი, რომ მართლა ააფეთქებს ქვეყანას,. არავის გვჭირდება ქვეყნის აფეთქება, მაგრამ ასე ნამდვილად არ შეიძლება არჩევნების ჩატარება. პირველი დასკვნა, რაც უნდა გამოვიტანოთ, რომ 2020 წელს არჩევნები აუცილებლად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, უფრო პლურალისტული არჩევნები უნდა იყოს და ასე ცალკარში თამაში ნამდვილად არ არის სწორი, ამას სჭირდება მეტი ჩართულობა არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოების პოლიტიკურ პროცესებში. სხვანაირად ძნელია ნორმალურ არჩევნებზე ვილაპარაკოთ,“-ამბობს ტუღუში.
მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველი ახერხებს ქვეყანაში ნიჰილიზმი დანერგოს, ამას ხელს დაშინების გარდა ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბეც უწყობს.
ბუღაძის განცხადებით, არჩევნები რომელიც 19 მაისს ჩატარდა სპეცოპერაციას უფრო ჰგავდა.
„მგონია, უფრო შემოდგომის სიმღერაა მმართველი ძალის, კონკრეტულად კონკრეტული ადამიანის, რომელიც ამ ყველაფერს მართავს მაფიოზური წესით,“-ამბობს ბუღაძე.