საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერს კამერების წინ უთხრა, რომ სამართლიანი სასამართლოს გარეშე ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა შეუძლებელია. კრისტინ ლაგარდმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება, რომ სასამართლო ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობას ურჩევს, გააგრძელოს ბრძოლა კორუფციასთან, რადგან ამის გარეშე ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია.
მესამე სექტორი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი კრიტიკული შეფასებები ხშირად გაკეთდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ლაგარდთან საქართველოში არსებულ ელიტურ კორუფციაზე ილაპარაკა. ეკა გიგაურის თქმით, სულ უფრო მეტი ბიზნესმენი საუბრობს გაუმჭვირვალე სასამართლო სისტემაზე, რომელიც ქვეყნას აფერხებს.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის შეფასებით, კრისტინ ლაგარდის დღევანდელი განცხადებები ადასტურებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებული არიან საქართველოში არსებული ვითარებით. გიორგი მშვენიერაძის თქმით, სასამართლო არ არის გამჭვირვალე და მას და არ აქვს ნდობა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი