გაერთიანებული ოპოზციის სამომავლო გეგმაზე გადაცემა „არჩევანში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიცია აპირებს ბრძოლის გაგრძელებას და ახლა დანებების დრო არ არის. დეკანოიძე ამბობს, რომ იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან, მოხდება კომუნიკაციის გაზრდა ამომრჩეველთან, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ არსებული ხელისუფლება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
„ძალიან მნიშვნელოვანია არათუ ბრძოლაზე უარის თქმა, პირიქით, და ბრძოლა გულისხმობს ყველაფერს, ეს იქნება ადამიანებთან კომუნიკაცია, პარლამენტში ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფრაქცია აქტიურია, ასევე ჩვენს კოლეგებთან ურთიერთობა. ჩვენ ვიყავით ინიციატორები, გამოვედით და ვთქვით, მოდი საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავერთიანდეთ, რადგან რეალურად ეს ერთობა და პროევროპული პარტიების ერთობა, არის ის რისიც ეშინია ბიძინა ივანიშვილს.
მე ვეთანხმები სანდრას, რომ უფრო ფართო პლატფორმა უნდა იყოს, სიარული, კომუნიკაცია. თუნდაც საპროტესტო აქციები. საპროტესტო აქციები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეუბნებით ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოვიდა ზუგდიდში მიუხედავად ტერორისა და შიშისა, რომ ბრძოლა არასოდეს არ უნდა შეწყდეს, რადგან ბრძოლა ჩემი და ჩემი კოლეგების არჩევანია, იმისთვის რომ ეს რეჟიმი სახლში წავიდეს. ბრძოლა იქნება ყველანაირი ,რომ თითოეულ ადამიანს გავაგებინოთ, რომ ეს რეჟიმი არის საფრთხე,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძე ნიკა მელიას განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ნიკა მელიამ ზუსტად ის თქვა, რაზეც ყველა საუბრობს, რომ არჩევნები არ ყალბდება უშუალოდ იმ დღეს და არჩევნები ყალბდება წინა დღეებში. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის კომუნისტური პარტია და ყველას აქვს უფლება თქვას თავის აზრი.
რაც შეეხება მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტურს. დეკანოიძე ამბობს, რომ ვინც ახლა მხარს არ დაუჭერს შალვა შავგულიძის კანდიდატურას, ამ პოლიტიკურ მოძრაობას გააზრებული არ აქვს, რას ნიშნავს ოპოზიციური სპექტრი.