NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის კატასტროფულადაა დაცემული პარლამენტის რეიტინგი, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის აზრით, მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა არის არჩევნები და იქ „ქართლი ოცნება“ ლიდერობს.
მისი განცხადებით, გარკვეული რეიტინგები არჩევნების შედეგებს სცდება ხოლმე. კობახიძე ზღაპარს უწოდებს იმ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსების რეიტინგებში მესამე ადგილს იკავებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ზუგდიდის არჩევნებში მიღებული შედეგები შესაძლოა, მათთვის საოცნებო იყოს.
„ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ამომრჩევლის 61% მხარდაჭერა. ყოველთვის არის ხოლმე აცდენილი გარკვეული რეიტინგები არჩევნების შედეგებს. ამას რა მიზეზი აქვს, არ ვიცი. ფაქტი არის ერთი, მთავარი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არჩევნების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ აქვს 61%-იანი მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში 12%-მა დაადასტურა „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან მაღალი მხარდაჭერა. რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, სააკაშვილის მესამე ადგილი არის უკვე ზღაპარი. ეს კარგად იხილეთ ამ არჩევნებში. პასუხი გაეცა მიხეილ სააკაშვილს მკაფიოდ. მისი მეუღლე იღებდა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას, დაფიქსირდა მოსახლეობის განწყობა. 43% არ იყო ამ კუთხით გასაკვირი, თუმცა ვხედავთ, რომ უკვე რღვევის პირას არის ეს პარტია და მათთვის 43% შეიძლება გახდეს საოცნებო, რაც მიიღეს ზუგდიდში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
NDI-ის კვლევის თანახმად კი, მოსახლეობის 40% მიიჩნევს, რომ მათი რჩეული დეპუტატები ცუდად მუშაობენ. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის პირადმა რეიტინგმაც ანტირეკორდი მოხსნა. მკვეთრად უარყოფითია შეფასება ბიძინა ივანიშვილის მიმართაც. გამოკითხულთა 40% დადებითად კალაძე/სერგეენკოს ასახელებს, მესამე ადგილზე კი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია 31%-ით.