ეს არ არის კარგი - ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან ლარის გაუფასურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ლარის კურსი დასტაბილურდება.
„დამატებითი ინფორმაციის მიღება დაგვჭირდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან, რის შემდეგაც შეიძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარმა დოლართან მიმართებაში ვარდნის ანტირეკორდი მოხსნა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარი ღირს.