მმართველ პარტიაში NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ შეუძლებელია ქველმოქმედის სახელით ცნობილ ბიძინა ივანიშვილს ხალხი ასე ნეგატიურად აფასებდეს.
გიორგი კახიანის განცხადებით, ის არ ენდობა კვლევის შედეგებს და ამბობს, რომ ივანიშვილის მისამართით ტელევიზიებიდან მიზანმიმართულად ძალიან ნეგატიური მუხტი მოდის.
„ბატონი ბიძინას მიმართ ძალიან ნეგატიური მუხტი მოდის ტელევიზიებიდან და ეს მიზანმიმართულად ხდება, ანუ ხელოვნურად არის მცდელობა იმისა, რომ ბატონი ბიძინას რეიტინგი იყოს დაბალი. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას, თუნდაც ბატონ ბიძინასთან მიმართებაში და ბუნებრივია ეს თავის გავლენას შეიძლება ახდენდეს. მაგრამ, როდესაც ადამიანს ასეთი დამსახურებები აქვს მე ეჭვი მეპარება რომ მას დაბალი რეიტინგი ჰქონდეს, შესაბამისად NDI-ის აი ეს კითხვები კითხვის ნიშანს აჩენს და მე პირადად მას მე არ ვენდობი,"-აცხადებს კახიანი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ასევე დაუჯერებელია, რომ პოლიტიკოსების რეიტინგში მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილზეა. მას წინ მხოლოდ კახა კალაძე და დავით სერგეენკო უსწრებს. ნუკრი ქანთარიას ეჭვი ეპარება, რომ კვლევა ობიექტურად არის ჩატარებული.
„სააკაშვილის მესამე ადგილი არის აბსოლუტური გაუგებრობა და ასევე გაუგებრობაა ესეც, კაცი რომელსაც მადენი დამსახურება აქვს, შეიძლება ვიღაცამ, დაიჯეროს ეს შავი პიარი, რომელიც მის მიმართ არის მიზანმიმართულად, მაგრამ ეს რომ იყოს უმრავლესობა ეს არის შეუძლებელი. ვინ მანიპულირებს არ ვიცი ხელის დადება არ იქნება სწორი, მაგრამ პირველი შემთხვევა ეს არ არის, შიგნით უნდა ჩავიხედოთ, NDI მესმის, რომ ძალიან საპატივსაცემო ორგანიზაციაა, მაგრამ შიგნით ვინ აკეთებს კვლევებს ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.
NDI-ის გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
ორგანიზაციის კვლევაში ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს შორის ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო.39% ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულება აქვს.