„როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ ჩვენ ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა გადაუჭრელი გვაქვს, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე,“ - ეს განცხადება პრემიერმინისტრმა NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა.
მამუკა ბახტაძის თქმით, არ ჰქონდა საშუალება, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს გასცნობდა.
მისი განცხადებით, მოსახლეობის აზრის გასაგებად მთავარი საზომია არჩევნები.
„როგორც რიგითი მოქალაქე, ქვეყანში არსებულ სიტუაციაზე იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას, როდესაც ორივე გამოწვევა იქნება დაძლეული. რაც შეეხება, ზოგადად, ნდობის საკითხს და ვექტორს, რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ სჭირდება მხოლოდ სოციალური კვლევები, ყველაზე კარგი და გამჭვირვალეა არჩევნები. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იყო და შედეგი ყველამ დავინახეთ, მადლობას ვუხდი საზოგადოებას ნდობისთვის. კარგად გვესმის, ბევრი პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს ვპირდებით საზოგადოებას, რომ ის გზები, რომელიც წარმოგვიდგენია ამ პრობლემების გადასაჭრელად, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულ მოქალაქეთა 56% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.