19 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
დამტვრეული კარი და დაზიანებულია კედელი - სენაკის საკრებულოს შენობას ხელჩართული ჩხუბის კვალი ამ დრომდე ეტყობა 

დამტვრეული კარი და დაზიანებულია კედელი - სენაკის საკრებულოს შენობას ხელჩართული ჩხუბის კვალი ამ დრომდე ეტყობა. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლით დასრულდა.

ძალადობაში ბრალდებული სენაკის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ზაზა ნაჭყებია, კამერების ემალება. ის არც დაკითხვაზე მისულა.

როგორც საკრებულოს დეპუტატი, ბორის სოსელია, ყვება, მას  ქართული ოცნების წევრი ზურგიდან სხდომის დასრულების შემდეგ მიეპარა და სცემა.  

გამოძიება პოლიციამ 126-ე - ცემის, მუხლით დაიწყო.

ქართული ოცნების წევრები ჩხუბის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მუშტის ჩარტყმა არ დაუნახავთ.

„მოგეხსენებათ, შუალედური არჩევნები ჩატარდა საქართველოში და ყველა კანდიდატს გამარჯვება მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. რაც შეეხება ოპოზიციური ფლანგიდან, ცოტა უსიამოვნო საუბრები წამოვიდა ამის შესახებ და ერთ-ერთმა ოპოზიციური პარტიის საკრებულოს წევრმა, ბორის სოსელიამ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარეს, ბატონ ზაზა ნაჭყებიას, რაზეც კამათი მოუხდათ ერთმანეთში, მაგრამ როგორც სხდომის თავმჯდომარემ, დავაწყნარე ორივე და სხდომა გავაგრძელე ჩვეულებრივ,“ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბადრი კალანდარიშვილმა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, აკო მინაშვილი, აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი გამოუძიებელი არ დარჩება. მინაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ძალადობა დაამკვიდრა. 

„ეს არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები სამარცხვინო ადამიანები არიან იმიტომ, რომ მათ დაამკვიდრეს ძალადობა, თან თავდასხმა ადამიანებზე ზურგის მხრიდან, ასაკოვან ადამიანებზე. ეს ძალადობის ფაქტები ნიშნავს იმას, რომ თვითონაც ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ დამარცხებული არიან და ძალიან მალე დადგება მათი პოლიტიკური დასასრული და სხვა არაფერი არ გააჩნიათ, გარდა ძალადობისა და ხავსს ეჭიდებიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთი ეს ძალადობის ფაქტი არ დარჩება გამოუძიებელი,“ - განაცხადა აკო მინაშვილმა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები