ლარმა 2019 წლის ანტირეკორდი მოხსნა. დღეს ერთი ამერიკული დოლარი ეროვნული ბანკის კურსით, თითქმის, 2.77 ლარი ღირს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 2 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ვალუტა საშიში ნიშნულს მიუახლოვდა. თუ გაუფასურება ამ ტემპით გაგრძელდება, ლარი 24-წლიანი ისტორიის განმავლობაში გაუფასურების ახალ რეკორდს მოხსნის.
სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, თითქმის, 2.78 ლარია. უფრო მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში, სადაც მაჩვენებელი 2.80 ლარია.
დოლართან ერთად ისტორიულ მინიმუმზეა ლარი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევროს შეძენა დღეს 3.10 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი.
ლარი დღეს თურქული ლირას და ფუნტის მიმართაც გაუფასურდა.
ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის ასეთი გაუფასურება საშიში არ არის. ივანე მაჭავარიანი მოსახლეობას ურჩევს, დოლარი არ იყიდოს, სესხი მხოლოდ ლარში აიღოს და ამერიკული ვალუტა ნაკლებად გამოიყენოს.
ბოლოს ლარი ახლანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაუფასურებული 2016 წელს იყო. მაშინ ერთი დოლარი 2.7831 თეთრი ღირდა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციის გადაწყვეტილება და ეროვნული რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი აუქციონზე გაყიდა.
ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ახლა მიანიშნებს, რომ ლარის კურსი მხოლოდ მისი საზრუნავი არ არის და ამ პრობლემას მთავრობამ უნდა მიხედოს.
ოპოზიცია ეროვნული ვალუტის სწრაფ გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და აცხადებს, რომ მძიმე შედეგებამდე ქვეყანა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიიყვანა.
ექსპერტები ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობენ. ისინი ერთ-ერთ ფაქტორად არჩევნებს და საარჩევნოდ დახარჯულ ფულს ასახელებენ.