19 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
"ყველა ის ნეგატივი, რაც ქვეყანაში ხდება, უკავშირდება ივანიშვილს და რიგითი მოქალაქე მას აკისრებს პასუხისმგებლობას" - თინა ბოკუჩავა

"არჩევნები არ ჩაუტარებია ივანიშვილს ზუგდიდში, მან ჩაატარა სპეცოპერაცია" - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ, გააკეთა.

არჩევანის ეთერში საუბრისას ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ზუგდიდში საკმაოდ დიდი რაოდენობის სამართალდამცავი იყო მობილიზებული.

„ივანიშვილისთვის ზუგდიდში გადიოდა მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ხაზი და შესაბამისად, ყველაზე ბინძურ მეთოდებს ყველაზე აქტიურად სწორედ ზუგდიდში იყენებდა. ის, რომ ივანიშვილს ძალიან უჭირდა და უჭირს, ამაზე მეტყველებს სწორედ ის კვლევები, რომელზეც საუბრობდით,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, NDI-ის კვლევაში ერთ-ერთი კითხვა იყო, თუ ვის მისცემდა ამომრჩეველი ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს, სადაც შედეგების მიხედვით ქართული ოცნება ლიდერობს - 17%, ხოლო გამოკითხულთა 27 პროცენტი აფიქსირებს, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას, ნაციონალურ მოძრაობას კი 14% მისცემდა ხმას.

„ოპოზიციას ერთობლივად აქვს უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე მმართველ პარტიას და სწორედ ეს არის პრობლემატური ბიძინა ივანიშვილისთვის და სწორედ ამიტომ უწევს მას ხელის გადაგრეხვით არჩევნების გაფორმება ისე, როგორც ეს გააკეთა ამ შუალედურ არჩევნებზე,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა კვლევიდან რამდენიმე საკითხს გამოყოფს, მათ შორის, სასამართლო სისტემას და პოლიტიკური პირების რეიტინგს. ბოკუჩავას თქმით, პრემიერი დამოუკიდებლად გადაწვეტილებას ვერ იღებს.

ის ასევე აფასებს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის ცვლილებას და ამბობს, რომ მისი ნეგატიური რეიტინგი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება.

„ეს უკიდურესად მაღალი და ყველაზე მაღალი ყველა სხვა პოლიტიკურ ფიგურასთან შედარებით, ნეგატიური შეფასება უკავშირდება სწორედ იმას, რომ ამ ადამიანმა ჩაიგდო ყველაფერი ხელში და შესაბამისად, ყველა ის ნეგატივი, რაც ქვეყანაში ხდება უკავშირდება სწორედ მას და საქართველოს რიგითი მოქალაქე სწორედ მას აკისრებს პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები