19 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
„სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების უნდობლობა, რაც იქნება ასახული საპარლამენტო არჩევნებზე" - ”ჩეთემ ჰაუსის” ანალიტიკოსი

„სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების უნდობლობა, მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობის ნაკლებობა,“ - ამის შესახებ ”ჩეთემ ჰაუსის” ანალიტიკოსმა და იმ მწვავე ანგარიშის ავტორმა განაცხადა, რომელშიც საუბარია საქართველოში კორუფციაზე, ნეპორტიზმზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდებაზე.

კრისტინა გერასიმოვმა „კურიერთან“ აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები აუცილებლად აისახება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. მისი თქმით, როდესაც პირი ან ჯგუფი საზოგადოებრივ ინტერესზე მაღლა პირადს აყენებენ, ეს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას იწვევს.

„როდესაც ვსაუბრობთ ელიტების განახლებაზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ერა გვახსენდება, როცა მან მოიყვანა ახალგაზრდა, მოაზროვნე პროფესიონალები საზოგადოების სხვადასხვა წრიდან და სხვადასხვა სფეროდან და მისცა მათ საშუალება, ემუშავათ ქვეყნისთვის. ეს იყო პოლიტიკური ელიტის განახლების დასაწყისი, უკვე შემდგომ როცა მოვიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იყო იმედი, რომ რეფორმები გაგრძელდებოდა, თუმცა დღეს საკვანძო საკითხებში გარკვეულ სტაგნაციას ვხედავთ. არიან რეფორმებზე ორიენტირებული ძალები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა წინ წაწიონ და არიან ისეთებიც, ვისაც აქვს პოტენციალი, მაგრამ მისი გამოყენების საშუალება არ ეძლევა. საერთო ჯამში სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების უნდობლობა, მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობის ნაკლებობა და, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იქნება ასახული მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე,“ - განაცხადა კრისტინა გერასიმოვმა.

„ჩეთემ ჰაუსის“ ანალიტიკოსმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ოლიგარქიულ მმართველობაზე.

რაც შეეხება ოლიგარქიულ მმართველობას, როცა ვსაუბრობთ საქართველოზე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დასაწყისში ის თავად იყო პოლიტიკაში, ახლა კი ის უფრო ჩრდილოვანი ფიგურაა და მისი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ამ პოზიციიდან ექსპერტებისთვის გარკვეული შეშფოთების საგანია“ - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

კრისტინა გერასიმოვმა აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმირების კუთხით ნაბიჯები, ფაქტობრივად, სათანადოდ გადადგმულა.

„ევროკავშირში არის მოლოდინი, რომ რეფორმების კუთხით მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობასთან და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს საკითხი, ფაქტობრივად, არ წასულა წინ. როცა ერთ კონკრეტულ პიროვნებას ან გარკვეულ ჯგუფს აქვს პირადი ინტერესები პოლიტიკაში და ცდილობს ამ ინტერესის დაცვას, მოსახლეობის ინტერესების ნაცვლად, სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტდება და დაუცველია ნებისმიერი და, რა თქმა უნდა, საგარეო საფრთხის წინაშე. რუსეთი კი სწორედ ისეთ საფრთხედ მოიაზრება, რომელიც საქართველოს შესუსტებულ ინტიტუტებზე უპირატესობით ისარგებლებს,“ - განაცხადა ”ჩეთემ ჰაუსის” ანალიტიკოსმა და ანგარიშის ავტორმა, კრისტინა გერასიმოვმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები