19 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
ბოკერია "სამშობლოს დღის" დაწესების ინიციატივაზე: „ყველაზე ცუდია, როცა პატრიოტიზმი იქცევა ხოლმე ფარისევლების საბრძოლო ველად"

სამშობლოს სიყვარულს კი არ სჭირდება უქმე დღის გამოცხადება, სჭირდება ცხოვრებაში ამის ჩვენება - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.

ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის და დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ინიციატივას ეხმაურება და დასვენების დღეების კალენდარში კიდევ ორი დღის დამატებას აფასებს.

გიგა ბოკერიას თქმით, არსებობს დამოუკიდებლობის დღე, ქვეყნის სიყვარულს კი დამატებითი უქმე დღეების გამოცხადება არ სჭირდება.

„ყველაზე ცუდია, როცა პატრიოტიზმი იქცევა ხოლმე ფარისევლების საბრძოლო ველად და ამის მაგალითია, ბატონი ქანთარია და მისი ეს ინიციატივა. ჩვენ 26 მაისი გვაქვს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, სამშობლოს სიყვარულს კი არ სჭირდება უქმე დღის გამოცხადება, სჭირდება ცხოვრებაში ამის ჩვენება თუ შენ პატრიოტი ხარ. და ეს ამბები, სამშობლოს ამბების და შემდეგ არ ვიცი, მამულის დღე დაარქვან, არის დაცინვა ნორმალური სამოქალაქო პატრიოტიზმის“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მოითხოვს, რადგან მისი განცხადებით, მშრომელთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში დასვენების დღეა.

კიდევ ერთი დღის უქმედ გამოცხადების ინიციატივა ნუკრი ქანთარიას ეკუთვნის. დეპუტატის ინიციატივით, ასევე დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს 14 მაისიც და ამ დღეს საქართველოში სამშობლოს დღე უნდა აღინიშნებოდეს.  

დღის ამბები