„კვლევები აცდენილია რამდენიმე ათეული პროცენტით რეალობას,“ - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მის საქმიანობას არ იცნობს.
მამუკა მდინარაძე „ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გასაჯაროებულ მონაცემებს უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიაა, რომ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვება გადაფაროს და საზოგადოებამ კვლევების შესახებ ისაუბროს.
„მე ძალიან კარგად მესმის „ნაციონალური მოძრაობის“ პიარსტრატეგია, რომ რამენაირად გადაფარონ ორი დღის წინ მიღწეული შედეგი, წარმატება „ქართული ოცნების“ მიერ და ერთი კვირა ახლა კვლევებზე ვილაპარაკოთ, რომელიც აცდენილია რამდენიმე ათეული პროცენტით რეალობას. ამიტომ ამ დეტალების განხილვას აზრი არ აქვს. შეცდომაში შევიყვანთ საზოგადოებას, როცა ვლაპარაკობთ გარკვეულ დეტალებზე და ამ დეტალების უკან დგას რამდენიმე ათეული პროცენტით ცდომილება. დღეში ოთხჯერ თუ ჩამწერთ, თავიდან ბოლომდე თუ გავუშვებთ ყველას, ან ყველა ინტერვიუს თუ გაუშვებთ, მერე შეიძლება, ცნობადობა გაიზარდოს თქვენი CRRS-ის, იმ ორგანიზაციის კვლევის მიხედვითაც კი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია. ეს ხუმრობით, მაგრამ ამაზეც არ შეიძლება სერიოზული ლაპარაკი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.