ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში ნეპოტიზმი და კორუფცია დაბრუნდა - ასეთია ბრიტანული ავტორიტეტული ორგანიზაცია „ჩეთემ ჰაუსის“ უმწვავესი ანგარიში. ბრიტანელი ანალიტიკოსები პირდაპირ წერენ, რომ საქართველო კარგავს რეგიონში დემოკრატიის ფლაგმანის როლს და კორუფციისკენ ბრუნდება.
ანალიტიკურ ნაშრომში, რომელიც საქართველოს გარდა, უკრაინას და მოლდოვასაც შეეხება, აღნიშნავენ, რომ ძალაუფლების ცენტრი არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის ხელშია და საქართველოში ყველაფერს მისი გარემოცვა მართავს.
34 გვერდიან დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოსი მდგომაროება 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ამავე კვლევაში „ჩეთემ ჰაუსი“ წერს, რომ საქართველოს მართავს პოლიტიკური ელიტა, სადაც გადაწყვეტილებებს ოჯახის წევრებს და ნათესავების სასარგებლოდ იღებენ.
„ჩეთემ ჰაუსის“ ანალიტიკოსებმა 2019 წლის კვლევის განხილვაც მოაწყვეს. ბრიუსელში დახურული შეხვედრას ევროსტრუქტურების მრჩევლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
გავლენიანი ბრიტანული ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მედია მონოპოლიების პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოყენების გამო აკრიტიკებს. „ჩეთემ ჰაუსის“ კვლევაში წერია, რომ განსხვავებულ აზრზე თავდასხმისთვის ივანიშვილთან დაკავშირებული პირები ქმნიან ყალბ ახალ ამბებს და ცრუ ინფორმაციას მათივე პლატფორმების დახმარებით ავრცელებენ.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ტროლების კამპანია, მედიაომი და რუსული შავი პიარი ქართულ პოლიტიკაში საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღების ცენტრში მოექცა. მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებისთვის მიუღებელი ნებისმიერი პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ ერთი და იგივე ბოტები აქტიურდებიან.