მინისტრები და დეპუტატები, რომელთა საქმიანობის შესახებ საზოგადოებას არაფერი სმენია - NDI-ის კვლევის მიხედვით, ხალხისთვის უცნობი მინისტრებს შორის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლიდერობს. მისი შესახებ მოსახლეობის 46%-მა არაფერი იცის.
უცნობი მინისტრების სიაში მეორე ადგილზეა ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი, მესამე ადგილს კი ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი - ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იკავებს. „ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგის თანახმად, მის შესახებ მოსახლეობის 40%-ს არაფერი გაუგია. უცნობებში მეოთხე და მეხუთე ადგილზე განათლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრები არიან.
მიხეილ ბატიაშვილი მთავრობიდან ერთადერთი მინისტრი იყო რომელმაც მისი არაცნობადობაზე კომენტარი გააკეთა. განათლების მინისტრმა NDI-ის კვლევას უნდობლობა გამოუცხადა.
„ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ არა მხოლოდ მინისტრების, რამედ დეპუტატების ცნობადობაც გაზომა. საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე არ იცნობს პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს, უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დეპუტატების არაცნობადობის მიზეზი შესაძლოა, მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაცია იყოს. კანონმდებლების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პრობლემა თავად მოსახლეობაშია, რადგან პრესას არ კითხულობენ ან კიდევ ტელევიზორს არ უყურებენ.
ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ NDI-ის კვლევამ ზუსტად გამოაჩინა ის მმართველობის ფორმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის კადრების შერჩევისას მთავარი მორჩილებაა.
ავტორი: თათია წოწონავა