07 მაისი 2024,   00:50
ვრცლად
საფოსტო გზავნილებზე არსებული ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდა - "ევროპული საქართველოს" ინიციატივაზე პარლამენტში იმსჯელებენ

გახდება თუ არა ლარის ვარდნა "ევროპული საქართველოს" ინიციატივის საბოლოოდ დამტკიცების მიზეზი? საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით გადის საკითხი საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ. ინიციატივას უმრავლესობაშიც დადებითად უყურებენ და ამბობენ, რომ მსგავსი ცვლილება მოსახლეობისთვის შეღავათი იქნება. კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.

"სწორია ეს ინიციატივა ჩემი აზრით. ერთის მხრივ ის მოგება, რასაც ნახულობენ კონკრეტული მაღაზიები გაყიდვებში ჩვენთან არ არის ის სტანდარტული მოგების როგორიც არის მაგალითად 10% მაქსიმუმი და როგორც არის ეს დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენთან არის 50-100%-ზე ორიენტირებული, იმ საქონელს ვგულისხმობ, რომელსაც იწერს საზოგადოება. იქნებოდა ძალიან კარგი შვება,"- აცხადებს რომან კაკულია.

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი კი განმარტავს, რომ მათი ინიციატივა მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ცხოვრებას.

"თავის დროზე 200$ გარკვეული გამოთვლის შედეგად მიჩნეული იყო რაღაც ზღვრად, რომლის ზევითაც უნდა მომხდარიყო განბაჟება ამ ნივთების, მაგრამ დღეს 200$ არის 550 ლარი. "ევროპული საქართველოს" ინიციატივაა, რომ ეს ზღვარი გაიზარდოს 300 ლარიდან, 500 ლარამდე. ლარის გაუფასურების ფონზე, ეს ცხოვრებას გაუადვილებს ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს,"-აცხადებს კანდელაკი. 

"ევროპული საქართველოს" ინიციატივას ეთანხმება "ნაციონალური მოძრაობაც." რომან გოცირიძის თქმით, ლარის გაუფასურების შემდეგ. საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრი ცვლილებაა შესატანი.

"საფოსტო გზავნილები ფაქტობრივად სიმბოლურ თანხამდე დავიდა, რომ მისი ოდნავ, და ბევრი არ არის მოთხოვნილი, მცირეოდენი აწევა დაახლოებით ლარის გაუფასურების ტოლფასი გამოდის, ამიტომ აუცილებლად არის ეს მისაღები. შესაცვლელია უამრავი რამ საგადასახადო კოდექსში,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები